X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

28 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება.
  
მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა  „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში“ ხორციელდება.

ღონისძიებაში, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თვითმმართველობების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ეს პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი სტანდარტის მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ გამჭვირვალობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს ამ სიახლის დანერგვის შემდეგ ექნებათ წვდომა და პირდაპირი კავშირი ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ სისტემებთან, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება წერილების გზავნა, დროის ხარჯვა და მოიხსნება ზედმეტი ბარიერები. ამ სისტემის დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სერვისების მიწოდების ხარისხის და მთლიანად, საჯარო მმართველობის სტრუქტურების გამართულად მუშაობის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომლის დანერგვაში, პირველ ეტაპზე 21 მუნიციპალიტეტი, ნებაყოფლობით ერთვება, შექმნილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მისი ეფექტურობა გამოცდილია პრაქტიკაში.  

პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებს ელექტრონული სისტემის დანერგვაში დაეხმარება თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), რომელიც 25 თვის განმავლობაში, (2019-2021 წწ) მუნიციპალიტეტების შეფასების საფუძველზე, მოახდენს მოდულების ადაპტაციას და მათ შემდგომ დანერგვას. 

ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პროექტის სრული ციკლის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტში დაინერგება 17 მოდული ანუ სერვისი. რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება, რაც გაზრდის მათ პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციას. 

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის რეგიონების მოსახელობას და დაინტერესებულ პირებს ექნებათ ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქშია. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.  

ელექტრონული სერვისები დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; ეკოლოგია და გამწვანება; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ეკონომიკური განვითარება და ქონების მართვა; კულტურა, განათლება და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები; იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო მომსახურება. 

ერთიან ელექტრონულ პლატფორმა იძლევა ისეთი მდულების განვითარების საშუალებას, როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; ონლაინ განცხადებები; საკრებულოს საქმისწარმოება; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; პარკირების მართვა; დასუფთავება და ნარჩენების მართვა და სხვა. 

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ამოცანას შექმნას პირობები ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის და გამჭვირვალეობის გაზრდას.